Mercedes-Benz-ბრენდის წარმოშობის ისტორია

2017.04.06 14:08:28
Mercedes-Benz-ბრენდის წარმოშობის ისტორია

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი.

 

ბრენდის სახელი - „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა და ბენცის შეერთებით.

თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890 წელს დაარსებული „დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ წარმოებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის, როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა, ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა.

 

1900 წელს ელინეკმა „დაიმლერ - ძრავების საზოგადოებასთან” მიაღწია შეთანხმებას ახალი უფრო მძლავრი ძრავიანი მოდელის შექმნაზე, რომელსაც სახელი „მერსედეს-დაიმლერი” დაერქმეოდა. სწორედ ამ დროს იქნა „მერსედესი”, როგორც პროდუქტის სახელი გამოყენებული.

 

1902 წელს ბრენდის სახელწოდებაზე - „მერსედესი” საავტორო უფლებები დაიცვა. ბრენდის ცნობილი სიმბოლოს - ვარსკვლავის რეგისტრაცია კი, 1909 წელს მოხდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს შესაძლოა სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი შესაძლოა საერთოდაც არ შექმნილიყო.

 

22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰყვა ცოლად.

 

1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდა) და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით.

 

ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს „Motorwagen”-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი ველო.

 

მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა.