სპორტ დარბაზი განსხვავებული კონცეფციით – MG Fitness რუსთავში

2018.06.07 13:55:17
სპორტ დარბაზი განსხვავებული კონცეფციით – MG Fitness რუსთავში

MG Fitness „რუსთავი მოლში“, 1021 კვ.მ.-ზე გაშლილი სპორტ კლუბია. ტერიტორია, თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, როგორც მაღაზიის საწყობი, თუმცა 6 თვიანმა რადიკალურმა ცვლილებამ სრულიად შეცვალა იდეის ავტორის, ანა ბედინეიშვილის ცხოვრება და ბიზნესგეგმაც:

„მეგობრის დახმარებით, 6 თვით, სამუშაოდ წავედი ტაილანდში, ფიტნეს ბანაკში, სადაც დავიწყე ვარჯიში. დაახლოებით, 36 კილო დავიკელი და გადავწყვიტე, რომ ეს ის ადგილია, სადაც მინდა ცხოვრების გაგრძელება. თუმცა, არაერთი ფაქტორის გამო, შეუძლებელი იყო ჩემი იქ დარჩენა და სახლში დაბრუნების შემდეგ, გადაწყდა, რომ მაღაზიის საწყობის ნაცვლად, ფიტნეს დარბაზს გავხსნიდი ოჯახთან ერთად“. ანა 28 წლის არის და უმაღლესი განათლების 3 ხარისხი აქვს მიღებული – 2 სამართლის კუთხით, ხოლო 1 – ბიზნესადმინისტრირების, კერძოდ, მარკეტინგის მიმართულებით.

 

ძალიან მინდოდა, რომ თავისუფალი, მეგობრული ატმოსფერო შემექმნა და ეს თავიდანვე შესამჩნევი ყოფილიყო მომხმარებლისთვის, ამიტომ, ვეცადეთ, ინტერიერის დიზაინში გამოგვეხატა ეს დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ჩემს ხასიათს უსვამს ხაზს დარბაზში არსებული გარემო. ვარჯიში მარტო ოფლის ღვრა არაა, უნდა გაერთო, განიტვირთო, დადებითი ემოციებით დაიმუხტო – ყველაფერ ამას კი, პროფესიონალი ტრენერების გარდა, შესაფერისი მუსიკითა და დიზაინის ხარჯზე ვაღწევთ.

ას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება მომხმარებელი, ადმინისტრატორი ეძახის თავისუფალ ტრენერს, რომელსაც შეჰყავხართ გასაუბრების ოთახში, გეკითხებათ, რა შედეგის მიღწევა გსურთ ვარჯიშით. ამის შემდეგ გაცნობთ ზოგად პრინციპებს კვების შესახებ, გიდგენთ თქვენზე მორგებულ ერთკვირიან სავარჯიშო გეგმას, მოგყვებათ დარბაზში და გიხსნით ვარჯიშებს. დარბაზში ვარჯიშობთ ტრენერის ზედამხედველობის ქვეშ.

გვაქვს კრავ-მაგას გაკვეთილები – სპორტული, საბრძოლო ხელოვნება თავდაცვისთვის. ასევე, აერობიკის, ზუმბას გაკვეთილები. პირველად რუსთავში, მომხმარებლებს ვთავაზობთ  სპინინგს, ჰარდ ქორს, ქროს ფიტს, ბოდი ფამფს.

ჩვენი დარბაზი კვირის განმავლობაში 8-დან 12-მდე მუშაობს. 1 კვირაა, გავიხსენით და მომხმარებლებისგან გვაქვს მოთხოვნა, რომ დილის 7-დან დაიწყოს სპორტ დარბაზმა მუშაობა. ხალხის მოთხოვნაზე ადაპტირებულები ვართ და სავარაუდოდ, მათ ამ სურვილსაც დავაკმაყოფილებთ. ჩვენთან შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ვარჯიშების არჩევა, რომელიც მორგებულია როგორც ქალბატონებზე, ისე მამაკაცებზე.