60 წლის მეეზოვე, რომელიც 50 წელია ქუჩებს ასუფთავებს

2019.10.10 16:00:21
60 წლის მეეზოვე, რომელიც  50 წელია ქუჩებს ასუფთავებს

60 წლის ვალერი ბარაბაში ზუგდიდის ქუჩებს თითქმის 50 წელია ასუფთავებს. დედაც მეეზოვე იყო. 5 წლიდან, ჯერ დედას ეხმარებოდა, 16 წლის ასაკში თვითონაც მეეზოვე გახდა. მას შემდეგ ვალერის სხვა საქმის კეთება აღარც უცდია. 

ვალერი ბარაბაში: „პატარამ დავიწყე აქ მუშაობა, დედას ვეხმარებოდი. პასპორტი რომ ავიღე, მაშინ ამიყვანეს ოფიციალურად. ახლა უკვე 60 წლის ვარ და მაინც ვაგრძელებ. როგორი დედაც მყავდა, ვცდილობ ისეთი ვიყო“.

 

ქალაქში მას ყველა იცნობს.  „ზუგდიდდასუფთავების“ ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი ცენტრალური ბულვარის დასუფთავებას მზიან დღეებში დილის 6 -ის ნახევრიდან იწყებს, ცუდ ამინდში კი ერთი საათით გვიან. შემოდგომა, ფოთოლცვენის პერიოდი, მისთვის ყველაზე რთულია, ერთი და იგივე ადგილის დაგვა დღეში რამდენჯერმე უწევს.

 

რაც თავი ახსოვს, ქუჩას ასუფთავებს და ფიქრობს, რომ ზუგდიდელების ქალაქისადმი დამოკიდებულება დღემდე თითქმის არ შეცვლილა.

 

ვალერი ბარაბაში: „ეზარებათ ქუჩაში დაყრილი ნაგავი აიღონ და მიიტანონ ნაგვის ყუთამდე, რომელიც თითქმის ყოველ ნაბიჯზეა“. 

 

მუშაობაში მუსიკა ეხმარება, თან ქუჩებს გვის და თან საყვარელ კომპოზიციებს უსმენს 80-იანების როკ-რეპერტუარიდან. განსაკუთრებით Smokie, Queen და კრის ნორმანი უყვარს.

 

„მე ზუგდიდი, ეს ქალაქი მიყვარს. იყო ცუდი დღეებიც, მაგრამ არ მიმიტოვებია მუშაობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო იქ, სადაც დედაჩემი მუშაობდა“.

 

მეეზოვეს კეთილსინდისიერი მუშაობისთვის საკუთარ იუბილეზე, მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორმა მადლობა გადაუხადა და ფულადი ჯილდო გადასცა.

 

„ზუგდიდი უკვე ზედიზედ მეორედ გახდა ყველაზე სუფთა ქალაქი საქართველოში და ამაში ვალერის დიდი წვლილი მიუძღვის“- ამბობენ ზუგდიდასუფთავებაში.

 

ვალერი ბარაბაში ამბობს, რომ უხელფასოდაც უმუშავია. 90-იანების ომისა და არეულობის დროს გასამრჯელოს თვეობით ვერ უხდიდნენ, თუმცა არც საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე უფიქრია და არც სამსახურის შეცვლაზე. იგი უბრალოდ ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული მეეზოვეა.

 

 

 

წყარო: primetime