მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება

2019.09.10 12:09:33
მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი თვითმკვლელობა ხდება, ყოველწლიურად კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით თითქმის 800 000 ადამიანი ასრულებს.

 

შესაბამისი ანგარიში ორგანიზაციამ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ეს დღე 10 სექტემბერს აღინიშნება.

 

მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე სუიციდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია გაიანაში, აქ ყოველ 100 000 ადამიანზე თვითმკვლელობის 30,2 შემთხვევა მოდის. მეორე ადგილზეა ლესოტო (28,9), მესამეზე კი – რუსეთი (26,5). მეოთხე ადგილზე მყოფი ლიეტუვა (25,6) სუიციდის მაჩვენებლის მიხედვით ათეულში შემავალი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა. ხუთეულს კოტ-დივუარი (23,0) ასრულებს. ათეულის დანარჩენი ქვეყნები ასე გამოიყურება – ყაზახეთი (22,8), ეკვატორული გვინეა (22,0), ბელარუსი (21,4), სამხრეთ კორეა (21,2) და უგანდა (21,0).

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე სუიციდის 6,7 შემთხვევა მოდის. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში თვითმკვლელობით სიცოცხლე 323 ადამიანმა დაასრულა, აქედან 56 ქალმა და 267 მამაკაცმა.

 

 

 

წყარო: 1tv