რატომ არის მავნებელი ელექტრონული სიგარეტი

2019.07.27 10:57:46
რატომ არის მავნებელი ელექტრონული სიგარეტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტების რეგულირების მოწოდებით გამოდის და აცხადებს, რომ არა თუ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმაში ეხმარება ადამიანებს, არამედ ის შეიძლება დამწყები საშუალება გახდეს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმრებამდე. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის მიმართულებით პროგრამის ხელმძღვანელის ვინაიაკის პრასადის განცხადებით, ელექტრონულ სიგარეტსა და თამბაქოს შორის პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის. 

 

ამასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს მწარმოებელ ინდუსტრიას თამბაქოს მოხმარებით მიღებული ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

 

ივნისის ბოლოს აშშ-ის, ქალაქ სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალეს. ეს პირველი დიდი ამერიკული ქალაქია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

 

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ ელექტრონულ სიგარეტს ყველაზე ხშირად მოზარდები ყიდულობენ და სიტუაცია „ეპიდემიას“ ემსგავსება.

 

2017 წელს ელექტრონული სიგარეტის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის გამო აშშ-ში 1100 მაღაზია გააფრთხილეს, 131 კი დააჯარიმეს. კვლევის მიხედვით კი ირკვევა, რომ აშშ-ში სკოლის მოსწავლეთა 12% თვეში ერთხელ მაინც ეწევა ელექტრონულ სიგარეტს. ეს პროდუქტი ნიკოტინს შეიცავს და მიჩვევას იწვევს.