„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები..."

2018.01.12 13:06:09
„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები..."

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პროკურატურას მიმართავს. 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება.

 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ამ დროისთვის ის პროკურატურას ნდობას უცხადებს, თუმცა თუ არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები „სხვანაირად მოიქცევიან.“

 

„მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში - მე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.