რას ფიქრობენ 21-ე საუკუნის ქალები მამაკაცებზე - კვლევის შედეგები

2017.12.27 12:12:18
რას ფიქრობენ 21-ე საუკუნის ქალები მამაკაცებზე - კვლევის შედეგები

რას ფიქრობენ ქალები სინამდვილეში ფულზე, კოცნაზე, ღალატზე, კაცებთან მეგობრობაზე, მათ წვერსა თუ სიმელოტეზე, ასევე ასაკსა თუ სოციალურ სტატუსზე?

ამ კითხვებზე პასუხები გერმანულმა გამოცემა Focus-მა ბოლო წლების ავტორიტეტულ კვლევებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

 

ფული

 

პატრონი კაცის იმიჯი, რომელიც ოჯახს ინახავს, წარსულს ჰბარდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის TNS Emnid-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, გერმანელი ქალების 58%-ს არ აინტერესებს, თუ რა შემოსავალი აქვს თვეში მის პარტნიორს, იმ შემთხვევაში, თუ მათი ურთიერთობა ნორმალურია.

 

ავტომობილი

 

უელსის მკვლევრებმა კარდიფში ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც ერთი და იგივე კაცი ჯერ Bentley Continental-ის საჭესთან იჯდა, შემდეგ კი Ford Fiesta-ზე. შედეგი: Bentley-ს მძღოლი ქალებისთვის ბევრად მიმზიდველი აღმოჩნდა.

 

პორნოგრაფია

 

ყველა გამოკითხვაში, მათ შორის ანონიმურ კვლევებშიც, კაცებისგან განსხვავებით ქალები იშვიათად აღიარებენ რომ დროდადრო უყურებენ პორნოს. ინდიანის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ქალებზე ვიზუალური სურათი არანაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე კაცებზე, მაგრამ, ასეთ ფილმებში ქალები უფრო მეტ ყურადღებას ქალების სხეულს აქცევენ, ვიდრე კაცებისას, მაშინ როდესაც კაცების ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ გაცილებით დიდია. პორნოში ხშირად რეალიზებულია კაცების ფანტაზიები, რომლებისთვისაც სურვილის ობიექტი ქალია.

თმა

 

საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის Mafo.de-ს გამოკითხვის თანახმად, გერმანელი ქალების უმრავლესობას წვერგაპარსული კაცები ურჩევნია გაუპარსავს და წვერიანს. სიმელოტე ქალების 9%-ს მოსწონს.

სიმაღლე

 

ემანსიპირებულ ქალებსაც კი პარტნიორებად ძლიერი კაცები მოსწონთ. TNS Emnid-ის მონაცემებით, ქალების 60%-ს მიაჩნია, რომ კაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს. სიმაღლეში სასურველ სხვაობად 6-10 სანტიმეტრს ასახელებს ქალების 21%.

ასაკი

 

ქალებს ახალგაზრდებზე მეტად უფროსი ასაკის კაცები მოსწონთ, რადგან მათ მეტი გამოცდილება აქვთ, უფრო თვითდაჯერებულები და სანდოები არიან. ფსიქოლოგები ამას "ჯორჯ კლუნის ეფექტს" უწოდებენ.

პირველი ნაბიჯი

 

გაცნობის ვებგვერდის ElitePartner-ის გამოკითხვის თანახმად, ქალების თითქმის ნახევარი (41%) პირველ ნაბიჯს კაცისგან ელის. რაც შეეხება ქორწინების შეთავაზებას, 2010 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამისთვის მზად ქალების 0%-ია და მხოლოდ 2,8%-მა შეიძლება პირველმა დაიწყოს ამ საკითხზე ლაპარაკი.

 

ორგაზმი

 

ჰამბურგის სოციალური კვლევების ინსტიტუტის Gewis-Institut-ის მონაცემებით, ქალების მხოლოდ 54%-ს მიაჩნია თავისი ორგაზმი კარგი სექსის ნიშნად. გერმანული კლინიკის, Charité-ის კვლევის თანამხად, 10-დან 9 ქალი ორგაზმის იმიტირებას ახდენდა, მათი უმრავლესობა (41%) კი ამას კაცის ძალისხმევის დაფასებისათვის აკეთებდა.

 

ღალატი

 

Mafo.de-ს გამოკითხვის თანახმად, რომელიც ინსტიტუტმა ჟურნალ Playboy-სთვის 2013 წელს ჩაატარა, იმის შანსი, რომ ქალმა კაცს ერთხელ მაინც უღალატა 26%-ის ტოლია. ამასთან, ახალი ურთიერთობების სურვილი, რაც არაერთგული კაცების 73%-ს სხვა ქალებთან ურთიერთობებისკენ უბიძგებს, ქალებისთვის (57%) ნაკლებად დამახასიათებელია - ხშირად ეს დაკავშირებულია ხოლმე პარტნიორის ბრალდებებთან, რომ კაცის დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა (52%) ან/და ის მასთან სექსის მიმართ გულგრილია (13%).

 

კაცებთან მეგობრობა

 

მაშინ, როდესაც კაცების 12% ასეთ მეგობრობაში ქალის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას ხედავს, ქალების თითქმის ნახევარს (47%) მიაჩნია, რომ სექსუალური ინტერესის გაჩენა მეგობრობას პრობლემას უქმნის. ამერიკული ინსტიტუტის University of Wisconsin-Eau Claire-ის კვლევის თანამხად, კაცებისთვის მსგავსი მეგობრობა სამმაგად სტრესულია, ვიდრე ქალებისთვის.

 

კოცნა

 

კაცისთვის ეს მიზნამდე (სექსი ან კონფლიქტის მოგვარება) მისასვლელი გზაა, ქალისთვის კი თავად ეს გზაა მიზანი - კოცნა ქალისთვის სიმპათიის სასიამოვნო გამოვლენაა. ოლბანის უნივერსიტეტის (აშშ) მონაცემებით, ქალებისთვის კოცნა ბევრად უფრო სახალისო და სასიამოვნო პროცესია.

 

კუნთები

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ კარგად განვითარებულ კუნთებზე მოთხოვნა მაშინ არის, როდესაც საქმე სწრაფ სექსუალურ თავგადასავალს ეხება და არა მეუღლის და ოჯახის მამის არჩევას: ქალების აზრით, კარგად განვითარებული კუნთების მქონე კაცები ნაკლებად პასუხისმგებლიანები არიან.

 

ძალა და გავლენა

 

როგორც ჩანს, ახალგაზრდა და ლამაზი ქალების ლტოლვა უფროსი ასაკის კაცებისადმი მხოლოდ "ჯორჯ კლუნის ეფექტით" არ აიხსნება. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ძალა და სოციალური სტატუსი ქალებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. Mafo.de-ს გამოკითხვის თანახმად, საოცნებო კაცის თვისებებად ძალას და გავლენას ქალების მხოლოდ 2% მიიჩნევს.